სკანდინავიური სტილი უკვე რამდენიმე წელია რაც ერთ-ერთი პოპულარული სტილია, ასეთ ინტერიერებს შეხვდებით მთელს მსოფლიოში – საბერძნეთიდან არგენტინამდე, თუმცა ჩრდილოური კლიმატის მქონე ქვეყნებში უფრო აქტუალურია.
სკანდინავიური სტილის წარმატება ნაციონალური და ინტერნაციონალურის გენიალურმა ნაზავმა განაპირობა. სტილის ესთეტიკა არ მიყვება ფინეთის, ნორვეგიის, შვეიცარიის ან დანიის კულტურასა და ისტორიას, ის განსაკუთრებული კლიმატური ზონითა და გეოგრაფიული მდებარეობითაა განპირობებული.
სკანდინავიურ ინტერიერებში გამოიყენება ამ რეგიონებისთვის დამახასიათებელი მასალები – პირველ რიგში კი ხე, ნებისმიერი სახით.

მსოფლიოში გავრცელებულმა ტენდენციებმა ეკოლოგიასთან დაკავშირებით სკანდინავიური სტილის პოპულარობას ხელი შეუწყო, თუმცა ამას უკუეფექტიც მოყვა, რადგან დიზაინერებმა დაიწყეს ინტერიერების კოპირება.
სკანდინავიურ სტილში შეხვდებით ფერების საინტერესო გადაწყვეტას, მრავალფეროვან ფაქტურებს, საინტერესო ელემენტებს – მაგალითად, ხის ტოტს საკიდის ფუნქციით, ან ხის კუნძს საწოლის ტუმბოს ადგილზე და ა.შ.
აქედან გამომდინარე, სკანდინავიური სტილი მთლიანად უარყოფს კლასიკურ ავეჯს როკოკოს ან ბაროკოს სტილში.

თეთრი ფერის კედლები სკანდინავიური სტილის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. იგი კრავს ინტერიერს, ერთ მთლიანობად აქცევს და უზრუნველყოფს კარგ განათებას (მზის სხივების არეკლვით), რაც ჩრდილოეთის ქვეყნებს ნამდვილად ჭირდება.
სკანდინავიური სტილი დიდი ფანჯრების გარეშე წარმოუდგენელია. სტილი ნეიტრალური ფერებით გამოირჩევა და 2ზე მეტი მკვეთრი ფერის გამოყენება არაა მიზანშეწონილი, ამ შემთხვევაშიც ფერებით მხოლოდ პატარა აქცენტების გაკეთებაა უკეთესი.
ჩრდილოეთის ცივი ამინდების დაბალანსება სკანდინავიურ ინტერიერებში ტექსტილის მრავალფეროვნებით ხდება, ნაქსოვი გადასაფარებლები, სქელი ხალიჩები, ბეწვის ქსოვილები და ნაჭრის პუფები მყუდროებისა და სითბოს შთაბეჭდილებას ქმნიან.
სჯანდინავიური სტილის ერთ-ერთი პლიუსი ისაა, რომ მსგავსი ინტერიერის შექმნა თქვენ თვითონაც შეგიძლიათ, თანაც საკმაოდ დაბალი ბიუჯეტით.
რჩევები სკანდინავიური სტილის ინტერიერის მოსაწყობად :
- გამოიყენეთ ხის ისეთი ფაქტურა, რომ რაც შეიძლება ბუნებრივი იყოს. მიზანშეწონილია მთელს სახლში ერთნაირი იატაკის მოსაპირკეთებელი მასალის გამოყენება (სამზარეულოსა და აბაზანის გარდა).
- კედლები შეღებეთ თეთრად ან ღია ნაცრისფრად.
- გამოიყენეთ თანამედროვე ავეჯი და ვინტაჟური ნივთები.
- აუცილებლად შეიტანეთ ინტერიერში სეზონური ნივთები, თუმცა ეცადეთ, მათ მხოლოდ დეკორატიური დატვირთვა არ ჰქონდეთ და გამოიყენოთ რაიმე დანიშნულებით.
- ქსოვილების მრავალფეროვნება დაგეხმარებათ ინტერიერში სითბო და მყუდროება შეიტანოთ.